წითელი ბარონის დაბრუნება ფ1–ში

2010 წელს, სამეფო სპორტს ფორმულა ფ1-ს უბრუნდება, ყველა დროის საუკეთესო რბოლერი, მიხაელ შუმახერი.

2006 წლის სეზონის მიწურულს, როდესაც მან მონცას გრან-პრიზე გამარჯვების შემდეგ, პრეს კომფერენციაზე, თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მსოფლიოს პირდაპირ ეთერში ამცნობა, ფ1-ის სამყაროსთვის, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მისი სისწრაფე, მოტივაცია და თავის საქმიანობისთვის სიყვარული, ოდნავაც არ მოდუნებულა, სპორტში 1991 წელს მოსვლის შემდეგ.

ფერარის ბოლო კოსტრუქტორთა თასი 1983 წლით თარიღდებოდა, ხოლო პილოტის პირად ჩათვლაში, ბოლოს 1979 წელს, ჯოდი შეხტერი გახდა ჩემპიონი. გუნდის ამ დიდი ხნის წარუმატებლობის შეწყვეტა, ჯან ტოტდის გუნდის სათავეში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, როდესაც 1996 წელს მან მიხაელ შუმახერი მოიწვია ბენეტონიდან და მასთან ერთად გუნდის ტექნიკური დირექტორი, როსს ბრაუნიც გადმოიბირა. ამ შესანიშნავი სამეულის წყალობით დაიწყო ფერარის ახალი წარმატებული პერიოდი.

შუმახერის განცხადების შემდეგ, გაჩნდა ბევრი კითხვები, თუ რამ აიძულა ამ გადაწყვეტილების მიღება და ბევრი სწორედ ფერარის პრეზიდენტს, ლუკა მონტდზემელოს ახალ პოლიტიკას აბრალებდა, რომელიც ფერარიში დიდ ცვლილებებს გეგმავდა მომავალი 2007 წლის სეზონისთვის. Yჟან ტოტდი, მას ბევრ საკითხში არ ეთანხმებოდა.

ლუკამ ახალი 2007 წლის სეზონისთვის, მაკლარენიდან მოიწვია ფინელი, კიმი რაიკონენი, ზედმეტსახელად ყინულის კაცი, რომელიც თავისი სისწრაფით და სიმშვიდით გამორჩეული იყო ფ1-ის პელეტონში. მაკლარენის ბოლიდის უიმედოობის გამო, მას 2003 და 2005 წლებში დაკარგული ქონდა ჩემპიონობისათვის ბრძოლის შესაძლებლობა, ხოლო ფერარიში გადასვლა, მას დიდ იმედს აძლევდა, რომ ამ აუსრულებელ მისიას, ჩემპიონობას შეასრულებდა. საჯინიბოს მეორე მხარეს, შუმახერის თანაგუნდელი და ფერარის დიდი ხნის ოჯახის წევრი, ფელიპე მასა გააგრძელებდა მოღვაწეობას, რომელმაც პირველი, 2006 სეზონი, ფერარისთან ერთად და შუმახერის თანაგუნდელად, დადებითად წარმოადგინა თავი. სწორედ რომ ფელიპეს ექნებოდა ახალი გუნდი საძებნელი, რომ არა შუმის გადაწყვეტილება სპორტიდან წასვლის შესახებ! შუმის სხვადასხვა ინტერვიუებში, იკითხებოდა მისი დადებითი დამოკიდებულება პატარა ფელიპეს მიმართ და მისი წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ფელიპეს ფერარიში დარჩენა, ხოლო თვით მიხაელი, უკვე 38 წლის იყო და ნელნელა წასვლაზე ფიქრობდა, მაგრამ არავის სჯეროდა რომ ესე მოულოდნელად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.

2006 წლის ბოლოს, მიხაელთან ერთად, გუნდი დატოვა, ფერარის ტექნიკურმა დირექტორმა როს ბრაუნმა. 2008 წლის დასაწყისში, როსი დაბრუნდა დიდ სპორტში, მაგრამ არა ფერარის, არამედ ჰონდას ტექნიკური დირექტორის სტატუსით. მან დაიწყო გუნდის რესტუქტურიზაცია და მთელი ძალები გადაამისამართა, მომავალი სეზონისთვის მზადებაში. 2008 წელი ჰონდასთვის, დაბალი მაჩვენებლებით დამთავრდა, ამას დაემატა მსოფლიო კრიზისი და წლის ბოლოს, ჰონდამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სამეფო სპორტი. გუნდის და მისი პერსონალის გადარჩენის მიზნით, ჰონდამ, სიმბოლურ ფასად გადასცა მმართველობა როსს ბრაუნს.

2009 წელს, გუნდი “ბრაუნ გრან-პრი”-ს სახელით მოევლინა ფორმულა 1-ს. წლის ბოლოს ისინი, კონსტრუქტორთა ჩემპიონები გახდნენ, ხოლო მათი პილოტი ჯენსონ ბატონი, პირად ჩათვლაში ჩემპიონობას ზეიმობდა. ამ წარმატებებმა, მერსედესი დააინტერესა და შედეგად, იგი გამოეყო თავის დიდი ხნის პარტნიორს მაკლარენს და ჩამოაყალიბა, ბრაუნის ბაზაზე “მერსედეს გრან-პრი”.

შუმახერის გარეშე, ფორმულა 1-ის, შემდეგი 3 სეზონი, არამარტო ფერარის შეეტყო უარყოფითად, არამედ სამეფო სპორტის აუდიტორიასაც და თვით შოუსაც. მიხაელი ყოველთვის თვლიდა თავის თავს ფერარის ოჯახის წევრად და არ წარმოედგინა თავი წითელის სამოსის გარეშე. 2007 წლიდან ის დაინიშნა ფერარის კონსულტანტად. ის აღარ ესწრებოდა ყველა რბოლას, მეტ დროს ოჯახთან ატარებდა და ცხოვრებით ტკბებოდა. მაგრამ მის სისხლში ადრენალინი არ ქრებოდა და ის ძალიან გაიტაცა მოტორბოლებმა, რომელშიც რეგულარულად ღებულობდა მონაწილეობას. ერთერთი რბოლის დროს, მას შეემთხვა ინციდენტი და შედეგად კისრის სერიოზული ტრამვა მიიღო.

ამ ტრამვის შემდეგ 5 თვე იყო გასული, როდესაც ფერარის პრეზიდენტმა ლუკა მონტედზემელომ თხოვა შეხვედრა და შესთავაზა, დაზარალებული მასას შეცვლა, რომელიც უნგრეთის გრან-პრიზე დაშავდა თვალის არეში, რუბენს ბარიკელოს ბოლიდიდან მომძვრალი დეტალით და 2009 წლის სეზონში ის ვეგარ მიიღებდა მონაწილეობას.
ლუკას თქმით, შუმი უარზე იყო 5 წუთის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ დათანხმდა და დაიწყო აქტიური მზადება და ვარჯიში, შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. ამ სიახლემ გულშემატკივარი გააბედნიერა და დიდი მოლოდინით ელოდნენ წითელი ბარონის დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ, მოტორბოლებში მიღებულმა ტრამვამ თავი იჩინა და მისი რბოლებში მონაწილეობა შეუძლებელი გახადა.

2009 წლის სეზონი გრძელდებოდა, ხოლო შუმახერი თავის ჩვეულ რეჟიმში, ფერარის კონსულტანტის როლს ასრულებდა. სეზონის ბოლო ეტაპზე აბუდაბიში, კიდევ ერთი შეთავაზება მიიღო, ამჯერად არა ფერარისგან, არამედ თავისი ძველი კოლეგისგან როს ბრაუნისგან, რომელიც კონსტრუქტორთა და პილოტის პირად ჩათვლაში ჩემპიონობას ზეიმობდა.

მისი თქმით: როდესაც როსმა ჰკითხა აბუდაბიში, თუ წარმომიდგენია ფორმულა 1-ში დაბრუნება, ვგრძნობდი რომ არ ვიყავი მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ 2 კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ დამირეკა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, მოტივაცია როგორ მიბრუნდებოდა, როგორ ძლიერი იყო მონატრება, ფ1-ის ბოლიდში ჩაჯდომისა და ჩემპიონატში ასპარეზობისა.

აღსანიშნავია შუმახერის ფ1-ში მოსვლას, დაბალი კატეგორიებიდან, ხელი შეუწყო მერსედესმა, თავის დროზე, მაგრამ მან ფ1-ის კარიერა ისე განვლო, რომ ვერ შეძლო, მერსედესის ბოლიდით ასპარეზობა. ხოლო, მერსედესის და როს ბრაუნის კომბინაციამ, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა და ამით შესაძლებელია, ის წარსული სიკეთისთვის, მადლობა გადაუხადოს, ავტოგიგანტს.

მიხაელ შუმახერი, პირველად მერსედესის ახალ ბოლიდს გამოცდის, თებერვლის 1 კვირაში, როდესაც ახალი 2010 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყება ვალენსიის ავტოდრომზე.

მისი თანაგუნდელი იქნება, ახალგაზრდა, საკმაოდ ჭკვიანი და სწრაფი, ნიკო როსბერგი, ლეგენდარული კეკე როსბერგის შვილი, რომელიც ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ვილიამსის ბოლიდით ასპარეზობდა და მაღალი შტაბეჭდილება ჩამოუყალიბა ფ1-ის სამყაროს.

შუმახერს 7 გზის მსოფლიო ჩემპიონია, მიღებული აქვს მონაწილეობა 250 რბოლაში. აქედან 91 გამარჯვება, 154 პოდიუმი, 68 პოლ პოზიცია, 76 სწრაფი წრე.

ყველა რეკორდთან ერთად, მხოლოდ შუმიმ მოახერხა, სეზონის ყველა რბოლაზე პოდიუმზე ასულიყო. ეს მოხდა 2002 წელს.

——————-

ეს სტატია დაიბეჭდა გაზეთ, “პრაიმ ტაიმში”  #2(44)  2010 წ.

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი