ვალენტინო როსის აუხდენელი ოცნება


ყველა დროის საუკეთესო მოტომრბოლელი, ვალენტინო როსი დაიბადა 1979 წელს იტალიაში. ქალაქ ურბინოში. მისი მამა, გრაზიანო როსი 70-იანი წლების ცნობილი მოტომრბოლელი იყო. ვალენტინოს პირველი გატაცება კარტინგები იყო. 1990 წელს მან გაიმარჯვა კარტინგის რეგიონალურ ჩემპიონატში. ამის შემდეგ ის გადაჯდა მინიმოტოზე და 1991 წლისთვის უკვე რამდენიმე რეგიონალურ რბოლაში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. როსი განაგრძობდა კარტინგებში მონაწილეობას, რასაც შეეძლო მისთვის ფორმულა 1-ში გაეკვალა გზა, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო მალევე მოუწია უარის თქმა.
1992-93 წლებში ვალენტინო როსი მინიმოტოთი ასპარეზობდა და ეუფლებოდა მას, ხოლო მოგვიანებით, მამისა და რამდენიმე გავლენიანი ადამიანის დახმარებით, 125cc კლასის მოტოციკლზე გადაჯდა და მას შემდეგ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა მის მიღწევებზე.
დღესდღეობით 30 წლის ვალენტინო როსი 9 ჩემპიონის ტიტულის მფლობელია Moto GP-ში და მოგებული აქვს 103 რბოლა.
2006 წლის იანვარში ფერარიმ მიიპატიჟა როსი 3 დღიან ტესტებზე, სადაც მასთან ერთად მიხაელ შუმახერი და F1-ის სხვა პილოტებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. პირველი დღე კრახით დამთავრდა. ნაწვიმარ სველ ტრეკზე მას მოუცურდა ბოლიდი და დამცავ ბარიერს დაეჯახა. სამაგიეროდ, შემდეგი 2 დღე ისე წარმატებით ჩაატარა, რომ ზოგიერთ გამოცდილ პილოტსაც აჯობა და საბოლოოდ, შუმახერს მხოლოდ ნახევარი წამით ჩამორჩა. მიხაელის თქმით, ვალენტინოს მრბოლელის ბუნებრივი ნიჭი აქვს. მას თავისუფლად შეუძლია მოტო გპ-დან ფორმულა 1-ში გადაინაცვლოს და დაწყებისთანავე კონკურენტუნარიანი იყოს. ამავე წლის მაისის თვეში, როსიმ იამაჰასთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, 2008 წლის ჩათვლით, მოტო გპ-ში დარჩებოდა.
ფორმულა 1-ის გარდა, როსის ძალიან იტაცებდა რალი. ბავშვობაში იგი რალი WRC-ის ჩემპიონის, კოლინ მაკრეას ფანი იყო. ლეგენდარულმა მაკრეამ როსის შეასწავლა რალის მანქანის მართვის, ძირითადი პრინციპები. წლების განმავლობაში ის მონაწილეობას ღებულობდა რალის სხვადასხვა ტურნირში და არა ერთხელ გაუმარჯვია.
წლების განმავლობაში როსის აკავშირებდნენ ხან ფორმულა 1-თან, ხან   რალისთან, მაგრამ მან იამაჰასთან კიდევ 2 წლით გააგრძელა კონტრაქტი და 2010 წლის სეზონსაც მოტო გპ-ში გაატარებს. როსის თქმით, ის გეგმავს, ამის შემდეგ რალიში გადაინაცვლოს, რაც თავისთავად გამორიცხავს ფორმულა 1-ს, რადგან ასაკით ამისათვის უკვე საკმაოდ დიდი იქნება.
წელს ვალენტინო როსიმ 2 დღიანი ტესტები ჩაატარა ფერარის 2008 წლის ბოლიდით ვალენსიის ტრასაზე. მის მიერ ნაჩვენები დრო იმდენად კონკურენტუნარიანი იყო, რომ ფერარის პერსონალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ფაქტმა პრესა კვლავ მის ფორმულა 1-ში გადასვლაზე აალაპარაკა.
ფერარის პრეზიდენტის, ლუკა მონტდეზემელოს განცხადებით, თუ ვალენტინო მოისურვებს მოტო GP-დან ფორმულა 1-ში გადასვლას, ის მხოლოდ მოხარული იქნება, რადგან ფერარის კარი მისთვის ყოველთვის ღიაა. ლუკა ასევე ძალზე აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ სასურველია, F1-ის გუნდებმა, ორი ბოლიდის ნაცვლად, ჩემპიონატში სამი ბოლიდით იასპარეზონ და სწორედ ამ მესამე ბოლიდში უნდა, რომ იხილოს თავის თანამემამულე ვალენტინო როსი.
2010 წლის სეზონში ფორმულა 1-ს ოთხი ახალი გუნდი ჰყავს და ბოლიდების რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, რაც გამორიცხულს ხდის ლუკა მონტდეზემელოს სურვილს სამი ბოლიდით ასპარეზობის შესახებ.
რაც შეეხება 2009 წლის ჩემპიონს ვალენტინო როსს, მას კიდევ ერთი სეზონი აქვს ჩასატარებელი მოტო გპ-ში და მხოლოდ შემდეგ გახდება ცნობილი, დარჩება იგი მოტორბოლებში თუ შეიცვლის სპორტის სახეობას ახალი მოტივაციების საძებნელად.

———————

ეს სტატია დაიბეჭდა გაზეთ “პრაიმ თაიმში” #5(47) 2010 წ.

    • quto
    • მარტი 11th, 2010

    magaria, da vapshe kargi saiti gamovida:))))

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი